სადოქტორო კოლოკვიუმი N8

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა განაგრძობს კოლოკვიუმების ციკლს „უახლესი ისტორიის გასააზრებლად: მიდგომები, ცნებები და თეორიები“. კოლოკვიუმზე წავიკითხავთ ფრაგმენტებს ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგის ფუნდამენტური, აგრეთვე უახლესი ნაშრომებიდან; კრიტიკულად ვიმსჯელებთ მათ შესახებ და დავამუშავებთ ცნებებსა და თეორიებს, გავეცნობით ახალ სააზროვნო სკოლებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. კოლოკვიუმში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა ისტორიით და დღეს ისტორიოგრაფიაში მიმდინარე დებატებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

სადოქტორო კოლოკვიუმების ციკლის ონლაინშეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით. სპეციალურად მოწვეულ სპიკერთან ერთად განვიხილავთ თემატურად შერჩეულ ტექსტებს. შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ვებგვერდზე.

13 მარტს, შაბათს, 14:00 საათზე,

მერვე კოლოკვიუმზე ბექა კობახიძესთან ერთად ვისაუბრებთ თემაზე: „პოზიტივიზმი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართულ ისტორიოგრაფიაში: როგორ დაიკავა კომპარტიის როლი ნაციონალიზმმა“. კერძოდ, დისკუსია შეეხება ე. წ. პოზიტივისტური ისტორიოგრაფიის მიდგომებს, რომლებიც ვიწროდ არის განსაზღვრული თავისი ფორმითა და შინაარსით, და კვლავ აწარმოებს გმირებისა თუ ანტიგმირების სახე-ხატებს. კოლოკვიუმზე განვიხილავთ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ შექმნილ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკურსებს და ისტორიკოსის, როგორც „კალმიანი ჯარისკაცის“, ფენომენს.

მომხსენებლის შესახებ

ბექა კობახიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორია. 2020 წლიდან მისი ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. 2019 წლიდან მუშაობს უკრაინაში ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაში. 2018-2019 წლებში ბექა კობახიძე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის ცენტრის მიწვეული მკვლევარი. მის კვლევით ინტერესს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) საგარეო პოლიტიკა, კავკასიის რეგიონში რუსეთისა და დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების ისტორიული ურთიერთკვეთა და XIX-XX საუკუნეების კავკასიის რეგიონული ისტორია.

საკითხავი მასალა ატვირთულია გუგლის კლასრუმში მოცემულ ბმულზე:

https://classroom.google.com/u/1/w/MTY1ODQxMzU4MDEx/tc/MjkyMTc4MzE4ODM1

კოდი: 67nbsh2

შეხვედრა გაიმართება ზუმის პლატფორმაზე.

მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს:

https://us02web.zoom.us/j/89510083137

დისკუსია არ ჩაიწერება.

დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ მოგვმართოთ კოლოკვიუმის  ორგანიზატორებს:

ანა ლოლუა – ana.lolua.1@iliauni.edu.ge

თამუნა ქებურია – tamar.keburia.1@iliauni.edu.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin