სადოქტორო კოლოკვიუმი N9

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა განაგრძობს კოლოკვიუმების ციკლს „უახლესი ისტორიის გასააზრებლად: მიდგომები, ცნებები და თეორიები“. კოლოკვიუმზე წავიკითხავთ ფრაგმენტებს ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგის ფუნდამენტური, აგრეთვე უახლესი ნაშრომებიდან; კრიტიკულად ვიმსჯელებთ მათ შესახებ და დავამუშავებთ ცნებებსა და თეორიებს, გავეცნობით ახალ სააზროვნო სკოლებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. კოლოკვიუმში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა ისტორიით და ისტორიოგრაფიაში დღეს მიმდინარე დებატებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

სადოქტორო კოლოკვიუმების ციკლის ონლაინშეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით. სპეციალურად მოწვეულ სპიკერთან ერთად განვიხილავთ თემატურად შერჩეულ ტექსტებს. შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ვებგვერდზე.

კოლოკვიუმის მეცხრე შეხვედრაზე, 27 მარტს, შაბათს, 14 საათზე, გიორგი მაისურაძესთან ერთად განვაგრძობთ საუბარს საბჭოთა ისტორიოგრაფიის წამყვანი სიუჟეტების გამოძახილზე პოსტსაბჭოთა ქართულ ისტორიოგრაფიაში, კერძოდ, გიორგი მაისურაძის სტატიის, „უძველესი ევროპელები, ანუ დაკარგული იმპერიის ძიებაში“ მიხედვით ვიმსჯელებთ თემაზე: ისტორია, როგორც პოლიტიკური არგუმენტი. სტალინური ეპოქის ქართული ისტორიოგრაფია და მისი ძირითადი ტენდენციები. ამჯერადაკადემიური დისციპლინის ფარგლებს მიღმა კოლექტიურ მეხსიერებასა და საჯარო ისტორიასაც მოვიცავთ და განვიხილავთ საბჭოთა საქართველოს ფუძემდებლური მითების უწყვეტობის მექანიზმებსა და დღეს ამ მითების გადააზრების შესაძლებლობებს.

გიორგი მაისურაძე ფილოსოფიის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იგი არის სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი. 2008-2013 წლებში მუშაობდა მკვლევრად ბერლინში, ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრში. სხვადასხვა დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზაარლანდის უნვიერსიტეტში, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ისტორიის, ფილოსოფიისა და კულტურის კვლევების მიმართულებით.

საკითხავი მასალა ატვირთულია გუგლის კლასრუმში მოცემულ ბმულზე:  https://classroom.google.com/c/MTY1ODQxMzU4MDEx/m/MzAxNDM5MjI5MDk3/details

შეხვედრაზე დასასწრებად მიჰყევით ზუმის ბმულს: https://zoom.us/j/96654202138

დისკუსია არ ჩაიწერება.

დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ მოგვმართოთ კოლოკვიუმის

ორგანიზატორებს:

ანა ლოლუა – ana.lolua.1@iliauni.edu.ge

თამუნა ქებურია – tamar.keburia.1@iliauni.edu.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin