ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ორგანიზებით გაიმართა ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული ორმაგი ხარისხის პროგრამების საერთაშორისო კონფერენცია „სადოქტორო განათლების მოდერნიზაცია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში: ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები თანამშრომლობითი კვლევის შემდგომი გაძლიერება“.
კონფერენციის მიზანი იყო როგორც საუკეთესო პრაქტიკის, ასევე სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე მსჯელობა.
კონფერენცია გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, დოქტორმა ნინო დობორჯგინიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დოქტორმა გიორგი ამილახვარმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისი აღმატებულება პიტერ ფიშერმა, ფოლკსვაგენის ფონდის ცენტრალური აზიისა და კავკასიის პროგრამის დირექტორმა, დოქტორმა მათიას ნოლენბურგმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ერეკლე ასტახიშვილმა.
- საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და ფოლკსვაგენის ფონდთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შესახებ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა პარტნიორ ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად უზრუნველყოფს მაღალი აკადემიური ხარისხის ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამების განვითარებას.
სკოლის პირველი მსხვილი პროექტი სწორედ კარლ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაა (LHIDP), რომელიც 2018 წელს დაიწყო გიოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და ფოლკსვაგენისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
პროგრამამ მოიცვა 10 განსხვავებული მიმართულება: ფილოლოგია, ისტორია, პოლიტიკის მეცნიერება, რელიგიური და კულტურული კვლევები, განვითარების ეკონომიკა, ეკოლოგია, ქიმიური ბიოლოგია, ფიზიკა და კოსმოლოგია. პროგრამის დოქტორანტებს სამეცნიერო-აკადემიურ ხელმძღვანელობას უწევდნენ ქართველი და გერმანელი პროფესორები და სადოქტორო პროექტის წარმატებით დასრულებისას ხარისხს ანიჭებდა როგორც ქართული უნივერსიტეტი, ისე გერმანული.
12 დოქტორანტს შესაძლებლობა მიეცა 2 სემესტრი გაეტარებინათ გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტში.
პროგრამის წარმატებამ განაპირობა საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მომდევნო წარმატებული ნაბიჯები:
- განვითარდა 2 სტრუქტურირებული ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამა გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით;
- სადოქტორო სკოლის მხარდაჭერით გაიცა ორმაგი სადოქტორო ხარისხი გენტის უნივერსიტეტთან (ბელგიის) თანამშრომლობით;
- ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ინდივიდუალური ხელშეკრულების (კოტუტელის) საფუძველზე ორმაგი ხარისხის გაცემაზე მონპელიეს (საფრანგეთი) და სხვა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან (ჰანოვერის, ლუვენის) თანამშრომლობით.
International Doctoral Program სკოლისა და კარლ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (LHIDP) გამოცდილება და სტანდარტები მთლიანად გავრცელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების საფეხურზე, მათ შორის ქართულენოვან პროგრამებზე.
შესაძლებელი გახდა დოქტორანტებისთვის როგორც საგნობრივ-მეთოდოლოგიური, ისე ტრანსფერული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული კურსების შეთავაზება სადოქტორო კვლევაზე მუშაობის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად და აკადემიური წინსვლის უზრუნველსაყოფად.
2023