კოტუტელი

საერთაშორისო შესაძლებლობები – ორმაგი ხარისხის პროგრამები

საერთაშორისო სადოქტორო სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან თანამშრომლობის საფუძველზე, დოქტორანტებს საერთაშორისო პარტნიორ ინსტიტუტებთან კოტუტელის ხელშეკრულებების დადებაში ეხმარება.

რა არის კოტუტელი?

კოტუტელი – რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც სადოქტორო დონეზე „ერთობლივ ზედამხედველობას“ – არის შეთანხმება ორ თანამშრომელ ინსტიტუტს, დოქტორანტსა და მის ხელმძღვანელს შორის. კოტულეტის დოქტორის ხარისხის სასურველი შედეგია ორივე უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის ერთობლივი მინიჭება („ორმაგი/ერთობლივი ხარისხი“) მხოლოდ ერთი სადოქტორო დისერტაციის საფუძველზე. ამგვარად, დოქტორანტს დისერტაციაზე მუშაობისას ორივე უნივერსიტეტი თანაბარ ზედამხედველობას უწევს (ორი ან მეტი ხელმძღვანელის მიერ ერთობლივი ზედამხედველობა). აქედან გამომდინარე, ორივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხარისხების მოსაპოვებლად გადამწყვეტია საზღვარგარეთ, პარტნიორ უნივერსიტეტში ერთი ან რამდენიმე ხანგრძლივი, კვლევითი ვიზიტი.

დოქტორანტურაში მიღება

პირის დაშვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლებაზე კოტუტელის ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობაა. როგორც წესი, უნდა შესრულდეს ორივე უნივერსიტეტის მისაღები მოთხოვნები, რომლებიც მითითებულია შესაბამისი დოქტორანტურის წესდებაში. საჭიროა, ორივე უნივერსიტეტის მინიმუმ ერთი ხელმძღვანელის თანხმობა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღებისა და სადოქტორო პროცედურების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, შეამოწმოთ სადოქტორო წესდება და გაიაროთ კონსულტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის სკოლასთან/ფაკულტეტთან.

  • სავალდებულო ვიზიტ(ებ)ი პარტნიორ უნივერსიტეტში

დოქტორანტი ვალდებულია დოქტორანტურის პერიოდში განახორციელოს კვლევითი/სასწავლო ვიზიტები პარტნიორ უნივერსიტეტში, ვინაიდან სადოქტორო დისერტაცია უნდა მომზადდეს ორივე უნივერსიტეტში. სტუდენტმა სწავლის მთლიანი პერიოდის მინიმუმ ერთი სემესტრი მაინც თითოეულ უნივერსიტეტში უნდა გაატაროს.

ორივე უნივერსიტეტის პროგრამების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დოქტორანტს მიენიჭება ორივე უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი („ორმაგი ხარისხი“) მხოლოდ ერთი სადოქტორო დისერტაციის საფუძველზე.

თუ ორმაგი ხარისხის პროგრამაზე სწავლას გადაწყვეტთ, ჯერ განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ხელმძღვანელთან და განსაზღვრეთ პოტენციური ზედამხედველები და ინსტიტუტები, სადაც თანამშრომლობა სასარგებლო იქნება.

მსგავს საკითხებზე დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო სადოქტორო სკოლის თანამშრომლებს:

https://internationaldoctoralschool.iliauni.edu.ge/about-us/contact/