ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა (LHIDP)
ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამას უწოდეს მეცნიერისა და მკვლევრის, კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის სახელი, რომელიც გიოტინგენის უნივერსიტეტში სწავლობდა, 1883 წელს დოქტორის ხარისხი მიიღო და მოგვიანებით კვლევა ამიერკავკასიის რეგიონში განახორციელა.
პროგრამა 12 დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას სადოქტორო ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. გარდა ამისა, პროგრამა დოქტორანტებს გამორჩეულ პირობებს უქმნის კვლევის ჩატარების, სადოქტორო ნაშრომის დაწერისა და შემდგომი კვალიფიკაციის ასამაღლებლად. პროგრამის დოქტორანტები, გარდა იმისა, რომ 12 თვეს გაატარებენ გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტში, მიიღებენ სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისა და კვლევითი მუშაობის განსახორციელებად. კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს მოიცავს, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მულტიდისციპლინურობასა და მრავალფეროვნებას და მოიცავს მრავალფეროვან ინსტიტუტებს, კათედრებს, ორივე უნივერსიტეტის პროფესორებსა და სხვა მასწავლებლებს.
ერთობლივ ტრანსდისციპლინურ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაში წარმოდგენილი სამეცნიერო სფეროები შერჩეულია ხარისხის, შესაბამისობის, მონაწილე მკვლევრების თავსებადობისა და მომავალი სამეცნიერო თანამშრომლობის პოტენციალის საფუძველზე, ესენია: ფილოლოგია, ისტორია, პოლიტიკის მეცნიერება, რელიგიური და კულტურული კვლევები, განვითარების ეკონომიკა, ეკოლოგია, ქიმიური ბიოლოგია, ფიზიკა და კოსმოლოგია.
სადოქტორო პროგრამა გასცემს ახალგაზრდა მკვლევართა გრანტს, რომლითაც 11 თვემდე დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ მაღალი პოტენციალის მქონე დამწყებ კანდიდატებს, რომლებმაც ახლახან დაასრულეს დოქტორანტურა და სამეცნიერო კარიერის გაგრძელებას ცდილობენ.
პროგრამის დოქტორანტები სრულ დაფინანსებას იღებენ ფოლკსვაგენის ფონდისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან.