2018 წლის 26 ოქტომბერს კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაში მონაწილე დოქტორანტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტში მიიწვიეს, სადაც ამავე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მკვლევრის გრანტის მფლობელმა, დოქტორმა გიორგი ჩალაძემ მათ ინსტიტუტში დაცული არაერთი კოლექცია დაათვალიერებინა. დოქტორანტები გაეცნენ ლაბორატორიებს და მწერების კოლექციებს, რომლებიც კვლევებისთვის გამოიყენება. გიორგიმ ისაუბრა კვლევის პროცესზე, ტყეში ხოჭოების შეგროვების და შემდეგ მათი ეტიკეტირების, შენახვისა და მიკროსკოპული შესწავლის წესზე. მან სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მოკლევადიანი პროექტის ,,უხერხემლოთა პოპულაციის განსაზღვრა მოძრაობის მოდელების მიხედვით“, რომელიც კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. გიორგიმ დამთვალიერებლებს ხოჭოებისთვის განკუთვნილი უბანი უჩვენა, რომელიც მათი მოძრაობის ტრაექტორიის შესწავლას ემსახურება. ეს არის კვადრატული მოხაზულობის სივრცე, რომლის ქვიშიან მიწაზე სხვადასხვა ჯიშის ხოჭოს ცენტრიდან გადაადგილებას კამერის საშუალებით
იღებენ. კამერა, თავის მხრივ, მიერთებულია კომპიუტერზე და ხოჭოების გადაადგილებას აღბეჭდავს. კვლევითი პროექტი 2019 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. მისი მიგნებები მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდება. დოქტორანტებმა გიორგის პროექტისადმი დიდი ინტერესი გამოხატეს და
მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი გამოთქვეს.