2019 წლის 11-22 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო საფეხურის სტუდენტების პროსპექტურების დაცვა გაიმართა. დოქტორანტებს შორის იყვნენ ანა ლოლუა (ისტორია), ნანა ხეცურიანი (ეკონომიკა), ეკატერინე ნანიტაშვილი (ლინგვისტიკა), სვეტლანა ბერიკაშვილი (ლინგვისტიკა), ეკა გურგენაშვილი (ფიზიკა), მარიამ ალბეკიონი (ფიზიკა), სალომე მჭედლიძე (კოსმოლოგია) და გოჩა გოლუბიანი (ქიმიური ბიოლოგია), რომლებიც ლემან- ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (LHIDP) ფარგლებში სადოქტორო კვლევაზე 2018 წლის აპრილიდან მუშაობენ და ამჟამად სადოქტორო საფეხურის მეორე
სემესტრს ასრულებენ. დოქტორანტებმა დარგობრივი კომისიის წინაშე კვლევითი პროექტები წარმატებით
წარადგინეს. მათ ისაუბრეს არა მხოლოდ კვლევით საკითხებზე და გამოყენებულ მეთოდებზე, არამედ კვლევების ღირებულებასა და გერმანიაში, გოტინგენის პარტნიორ უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტებზე. აღინიშნა გოტინგენის უნივერსიტეტის მხრიდან სამეცნიერო ხელმძღვანელების წვლილი კვლევითი გეგმების განვითარებაში. პროსპექტუსების დაცვით ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის
მონაწილეებმა წარმატებით დაასრულეს სადოქტორო სწავლების მნიშვნელოვანი ეტაპი. ახლა ისინი შეთანხმებული კვლევითი გეგმების შესაბამისად განაგრძობენ თავიანთ პროექტებზე მუშაობას. პროსპექტუსი ერთგვარი კვლევითი გეგმაა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანდები სწავლების პირველ წელს ამზადებენ. მასში ჩამოყალიბებული უნდა იყოს საკვლევი საკითხები და მეთოდები და იმ ლიტერატურისა და წყაროების მიმოხილვა, რომელთა გამოყენებაც კვლევის ფარგლებშია დაგეგმილი.
პროსპექტუსში ასევე მოცემული უნდა იყოს მუშაობის გრაფიკი და გეგმა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროსპექტუსის დაცვა დარგობრივი კომისიის წინაშე სადოქტორო საფეხურზე სწავლის აუცილებელი ნაწილია და იგი, ჩვეულებრივ ,სადოქტორო სწავლების მეორე სემესტრის ბოლოს ტარდება.