ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ფარგლებში იწყება კოლოქვიუმების ციკლი “უახლესი ისტორიის გასააზრებლად: მიდგომები, ცნებები და თეორიები”. კოლოქვიუმის ფარგლებში წავიკითხავთ ამონარიდებს ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგში ფუნდამენტური და აგრეთვე, უახლესი ნაშრომებიდან; კრიტიკულად ვიმსჯელებთ მათ ირგვლივ და დავამუშავებთ ცნებებსა და თეორიებს, გავეცნობით ახალ სააზროვნო სკოლებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. კოლოქვიუმზე დასასწრებად ვიწვევთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიური პერსონალსა და ნებისმიერ პირს, ვინც დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის ისტორიით, საბჭოთა ისტორიით და დღეს ისტორიოგრაფიაში მიმდინარე დებატებით.
გაცნობებთ, რომ სადოქტორო კოლოქვიუმების ციკლის ფარგლებში ონლაინ შეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ: სპეციალურად მოწვეულ სპიკერთან ერთად განვიხილავთ თემატურად შერჩეულ ტექსტებს. შეხვედრები გაიმართება შაბათობით და ამის თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ვებ-გვერდზე.
პირველი ონლიან შეხვედრა ჩატარდება 14 ნოემბერს, თბილისის დროით 17:00. ვიმსჯელებთ ისტორიის ძველი და ახალი სკოლების ირგვლივ, პარადიგმების ცვლილებასა და ისტორიის დარგის გაფართოებაზე: რას წარმოადგენს უახლესი ისტორია? რას ნიშნავს იყო ისტორიკოსი დღევანდელ დღეს?
დისკუსიას გახსნის ადრიან ბრისკუ – ინტელექტუალური აზრის ისტორიკოსი და კომპარატივისტი ისტორიკოსი კარლის უნივერსიტეტში (პრაღა) ვენის უნივერსიტეტსა (ვენა) და ილიას უნივერსიტეტში; მრავალი სამეცნიერო სტატიისა და წიგნის ავტორი, მათ შორის: “ტკბილმწარე ევროპა: ალბანური და ქართული დისკურსები ევროპაზე, 1878-2008”, (ბერგჰანის გამომცემლობა, 2013); “პოლიტიკური რეფორმა ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიებში: შედარებითი მიდგომა” (ბლუმსბერის გამომცემლობა, 2017); ტიმოთი ბლაუველტთან (რედ.) ერთად “ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა 1918, ფედერაციული მისწრაფებები, გეოპოლიტიკა და ეროვნული პროექტები,” (რუტლიჯი, წიგნი გამოდის 2021 წელს); “ეროვნული ეკონომიკის მშენებლობა ალბანეთში, ჩეხოსლოვაკიასა და საქართველოში 1920-იან წლებში (რუტლიჯი, წიგნი გამოდის 2023 წელს)
დისკუსიაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე 10 ნოემბრის ჩათვლით, რის შემდეგაც მითითებულ ელ-ფოსტაზე დაგეგზავნებათ საკითხავი მასალა და ონლაინ დისკუსიის ბმული.
დისკუსია არ ჩაიწერება!
დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ, მოგვმართოთ კოლოკვიუმის
ორგანიზატორებს:
ანა ლოლუა – ana.lolua.1@iliauni.edu.ge
თამუნა ქებურია – tamar.keburia.1@iliauni.edu.ge