სადოქტორო კოლოკვიუმი N7

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა განაგრძობს კოლოკვიუმების ციკლს „უახლესი ისტორიის გასააზრებლად: მიდგომები, ცნებები და თეორიები“. კოლოკვიუმზე წავიკითხავთ ფრაგმენტებს ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგის ფუნდამენტური, აგრეთვე უახლესი ნაშრომებიდან; კრიტიკულად ვიმსჯელებთ მათ შესახებ და დავამუშავებთ ცნებებსა და თეორიებს, გავეცნობით ახალ სააზროვნო სკოლებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. კოლოკვიუმში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა ისტორიით და დღეს ისტორიოგრაფიაში მიმდინარე დებატებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
სადოქტორო კოლოკვიუმების ციკლის ონლაინშეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით. სპეციალურად მოწვეულ სპიკერთან ერთად განვიხილავთ თემატურად შერჩეულ ტექსტებს. შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ვებგვერდზე.

კოლოკვიუმის მეშვიდე შეხვედრაზე 27 თებერვალს, შაბათს, 14:00 საათზე, თამთა ხალვაშთან ერთად ვისაუბრებთ მომიჯნავე დისციპლინათა მიდგომების ინტეგრირებაზე ისტორიულ კვლევებში. დისკუსიის შესავალ ნაწილში მომხსენებელი იმსჯელებს ისტორიასა და ეთნოგრაფიაში სოციალურ-კონსტრუქტივისტული და ახალი მატერიალისტური მიდგომების სარგებლიანობაზე. აქცენტი გაკეთდება აგენტობის (agency) გაფანტულობის კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც საგნები, სივრცეები და ადამიანები თანაბრად მონაწილეობენ სოციალური და პოლიტიკური რეალობების შექმნაში. ეს იქნება გაგრძელება, როგორც უკვე განხილული სივრცული მიდგომებისა, აგრეთვე მცდელობა, კრიტიკულად შევხედოთ „დომინანტურისა“ და „დაქვემდებარებულის“ დიქოტომიას ტოტალიტარიზმის კვლევებში, რათა შევძლოთ სხვადასხვა აქტორისა და მათი ურთიერთდამოკიდებულებების შემოქმედებითად გადააზრება.

მომხსენებლის შესახებ

თამთა ხალვაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებით. ის ასევე ხელმძღვანელობს სადოქტორო პროგრამას ამავე მიმართულებით. ამჟამად მუშაობს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ პროექტზე, რომელთა ამოსავალი წერტილია ინფრასტრუქტურის გაჯართება და მასთან დაკავშირებული აფექტური პრაქტიკები.

საკითხავი მასალა ატვირთულია გუგლ კლასრუმში მოცემულ ბმულზე:
https://classroom.google.com/w/MTY1ODQxMzU4MDEx/tc/MjY1MDkyOTI4MDUw
კოდი: 67nbsh2
შეხვედრა გაიმართება ზუმის პლატფორმაზე. მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს:
https://us02web.zoom.us/j/3873964774

დისკუსია არ ჩაიწერება!

დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ მოგვმართოთ კოლოკვიუმის
ორგანიზატორებს:
ანა ლოლუა – ana.lolua.1@iliauni.edu.ge
თამუნა ქებურია – tamar.keburia.1@iliauni.edu.ge