ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრსა და გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიასთან (IWLUGOE) თანამშრომლობით.
აკადემიური წერის დარგში პარტნიორობის პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. სამუშაო ენა – ინგლისური. კონკურსში მონაწილეობისთვის განიხილებიან მხოლოდ ის პირები,რომელთაც ინგლისურ ენაში აქვთ მინიმუმ B2 დონე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის გაერთიანებული საერთაშორისო აუდიტორია: აკადემიურ წერაში პარტნიორობის საერთაშორისო გამოცდილება.
რას გულისხმობს აკადემიურ წერაში პარტნიორობა?
ერთი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე და სხვადასხვა დისციპლინის შემსწავლელი 2-4 სტუდენტი ერთობლივად მუშაობს ჯგუფის მიერვე შერჩეულ აკადემიური წერის პროექტზე. დასაშვებია მუშაობა როგორც აკადემიურ ესეიზე, ისე სხვადასხვა ჟანრის ტექსტებზე, მაგალითად, ანგარიშზე ან აკადემიურ ბლოგზე. 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილია გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტისა (გერმანია) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) სტუდენტების ერთობლივი მუშაობა დისტანციური თანამშრომლობითი ინტერკულტურული სასწავლო (Collaborative Online Intercultural Leaning/ COIL) აქტივობის ფარგლებში.
რას ისწავლით?
თქვენს პარტნიორებთან ერთად გაეცნობით აკადემიური წერის სასარგებლო ტექნიკებს. საერთო წერით პროექტზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ მეტი შეიტყოთ სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე, ტექსტის აგებაზე, სტილზე, ლიტერატურის მითითებასა და პარაფრაზირებაზე. წერის პროცესის ყველა ეტაპზე დაგეხმარებიან ტუტორები.
გაიცნობთ განსხვავებული კულტურის წარმომადგენელ სტუდენტებს, რომლებთან ერთად მუშაობის დროსაც შეძლებთ რეფლექსირებას საკუთარ გამოცდილებაზე. ეს დაგეხმარებათ კულტურათშორისი უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ამასთან, უფრო ღრმად გაიაზრებთ სხვა ქვეყნებისა და კულტურების წერით ტრადიციებს. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს აქტივობა საკუთარ წერის პროცესზე დაფიქრებასა და მის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. პროექტის დასრულების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს, რომელშიც მითითებული იქნება თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო და გამომუშავებული უნარები.
როგორ დაიწყებთ მუშაობას?
პირველი ორი დისტანციური სამუშაო შეხვედრა, რომლებიც 2021 წლის მაისში გაიმართება, ერთმანეთის გაცნობაში, პარტნიორების არჩევასა და ტექსტის თემის შერჩევაში დაგეხმარებათ. ამ სემესტრის ზოგადი თემაა: „ცხოვრება ახალი კორონავირუსის შემდგომ სამყაროში: საით მივდივართ?“, მაგრამ შეგიძლიათ სხვა თემებიც აირჩიოთ. სამუშაო შეხვედრებზე გაეცნობით წერის პროცესის თავისებურებას, მისი ორგანიზებისა და პროცესზე რეფლექსირების საკითხებს.
როგორ განაგრძობთ მუშაობას?
საწყისი შეხვედრების შემდეგ წერითი პროექტის დასასრულებლად ხუთკვირიანი პერიოდი გაქვთ. ამ დროის განმავლობაში მოსაზრებებს გაუზიარებთ პარტნიორებს და მიიღებთ უკუკავშირს მათგან. უკუკავშირს წინასწარ ჩანიშნული დისტანციური შეხვედრების დროს ასევე მიიღებთ ტუტორებისგან.
როგორია მუშაობის გრაფიკი?
10-14 მაისი: წინასწარი მუშაობა ინდივიდუალურ დავალებებზე;
15 მაისი, 12:00-16:30: პირველი საწყისი სამუშაო შეხვედრა;
16-21 მაისი: წერით პროექტზე დამოუკიდებელი მუშაობა;
22 მაისი, 12:00-16:30: მეორე საწყისი სამუშაო შეხვედრა;
22 მაისი-26 ივნისი: თანამშრომლობითი მუშაობა სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებში; კვირაში ერთხელ რეგულარული დისტანციური შეხვედრები ტუტორებთან;
26 ივნისი, 12:00-16:30: დამასრულებელი დისტანციური სამუშაო შეხვედრა.
რა მოეთხოვებათ მონაწილეებს?
როგორც პროექტის მონაწილეს, მოგეთხოვებათ:
ა) დავალების მომზადება პირველ საწყის შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე;
ბ) სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
გ) სემესტრის განმავლობაში თქვენს ჯგუფთან მუშაობა (ჯგუფსა და ტუტორთან კვირაში ერთხელ შეხვედრა), წერითი პროექტის (წინასწარი) ვარიანტების რეგულარულად წარდგენა.
როგორ მივიღო მონაწილეობა?
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ამ ბმულზე და დარეგისტრირდით 2021 წლის 30 აპრილამდე. ამის შემდეგ მიიღებთ დამატებით ინსტრუქციებსა და პირველ დავალებას.
ინფორმაცია ინსტრუქტორების/ტუტორების შესახებ, რომლებიც გაუძღვებიან კურსს:
დოქტ. ელა გრისჰამერი 2008 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერას. ამჟამად იგი გოტინგენის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიას (International Writing Lab) ხელმძღვანელობს.
დოქტ. მელანი ბრინკშულტე 2001 წლიდან ასწავლის აკადემიურ წერასა და გამოყენებით ლინგვისტიკას. იგი გოტინგენტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიაში ძირითადი კომპეტენციებისა და კულტურათშორისი ინტერაქციის მიმართულებას, კულტურათშორის სწავლებასა და გერმანულის, როგორც უცხო/მეორე ენის, დეპარტამენტს უძღვება.
ანეტ მუდო (M.A.) გოტინგენის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიის მასწავლებელი და კონსულტანტია. 2012 წლიდან ერთობლივი აკადემიური წერის დარგში იგი შერეული სწავლისა და სწავლის მართვის სისტემებს (LMS) იყენებს.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, მიიღოთ კულტურათშორისი გამოცდილება, რომელსაც აკადემიური წერის დარგში პარტნიორობის პროექტი გთავაზობთ.