დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელობა

14 და 18 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გოტინგენის გეორგაუგუსტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ლემანჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის (LHIDP) მონაწილე სამეცნიერო ხელმძღვანელებისთვის აწყობს სემინარს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10. კურსზე დარეგისტრირებისას უპირატესობა მიენიჭებათ ლემანჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაში ჩართულ სამეცნიერო ხელმძღვანელებს.

აღწერა

მკვლევარი სტუდენტების, განსაკუთრებით დოქტორანტების, წარმატებით ხელმძღვანელობა გამოცდილი სამეცნიერო ხელმძღვანელის კვლევითი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამავდროულად კვლევითი უნივერსიტეტის რეპუტაციის სავიზიტო ბარათიც არის. სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს ხშირად რეალურ სამეცნიერო ხელმძღვანელობას კარიერის დასაწყისში მყოფი მკვლევრები უწევენ. დოქტორანტების ხელმძღვანელობა მრავლისმომცემია, თუმცა შეიძლება გამოწვევებიც ახლდეს. ხელმძღვანელი შეიძლება შემდეგი შეკითხვების წინაშე აღმოჩნდეს:

  • როგორ შემიძლია დავეხმარო სტუდენტს კვლევითი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოსა და სხვა ვალდებულებების (მაგ., სწავლება) შეთავსებაში?
  • რა სამართლებრივი მოთხოვნებით რეგულირდება სამეცნიერო ხელმძღვანელობა?
  • როგორ შევძლებ კვლევითი სამუშაოს მიმდინარეობის მონიტორინგს?
  • რამდენი დრო და რა მასშტაბის ძალისხმევა არის საჭირო ჩემი მხრიდან?
  • როგორ შევუსაბამო ერთმანეთს დოქტორანტის კვლევითი თავისუფლება და ჩემი კონკრეტული მოთხოვნები და საკვლევი კითხვებიდა სხვ.

სემინარზე განიხილება:

  • სადოქტორო პროექტის სტრუქტურირების შესაძლებლობები და აუცილებლობა;
  • პროცესში მონაწილეობის სახე და მასშტაბი, რომელსაც დოქტორანტი ხელმძღვანელისგან უნდა ელოდეს;
  • სტრატეგიები, რომლებიც კომუნიკაციის გაუმჯობესებას ემსახურება;
  • კონსტრუქციული უკუკავშირის საშუალებები;
  • დოქტორანტების მოტივაციის ამაღლების საშუალებები;
  • სარგებელი, რომელიც სამეცნიერო ხელმძღვანელობას მოაქვს გამოცდილი მკვლევრისთვის.

მეთოდები

სემინარის მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებასა და პრობლემების მოგვარების გზებს, რომლებსაც თავად მიმართავენ. მნიშვნელოვანია პრობლემებისა და მოთხოვნების შესახებ მსჯელობა და მათზე მუშაობა . სემინარზე ასევე განიხილავენ გერმანიის სამართლებრივ ჩარჩოს, დროისა და საკუთარი თავის მართვის პრინციპებს და საბუნებისმეტყველო მიმართულებისა და სტრუქტურირებული პროგრამების სადოქტორო პროექტების თავისებურებებს.

მონაწილეებსვთხოვ, შეკითხვები სემინარის დაწყებამდე გამომიგზავნონ, რათა შევძლო სემინარის პროგრამის სათანადოდ ადაპტირება.

ტრენერი – უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტ. მაიკლ დეკერი, ფილოსოფიის მაგისტრი (M.Phil) (კემბრიჯი)

ბონისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებში სწავლობდა ქიმიას. ბონის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი ფარმაცევტულ ქიმიაში. იენის უნივერსიტეტში გაიარა მომზადება ფარმაციის დარგში. მუშაობდა მკვლევრად და ასწავლიდა ჰარვარდის მედიცინის სკოლაში, ბელფასტის ქუინის უნივერსიტეტსა და რეგენსბურგის უნივერსიტეტში. 2012 წლიდან ვურცბურგის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიისა და სურსათის ქიმიის ინსტიტუტის ფარმაცევტული და სამკურნალო ქიმიის მიმართულების პროფესორია.

აქვს ბავარიის უნივერსიტეტების უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სწავლების სერტიფიკატი (მაღალ და სპეციალიზაციის დონეებზე), ასევე ქუინის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების დაწესებულებაში სწავლების სერტიფიკატი.

განრიგი:

სესია 1 – 14 ივნისი, 11:00-15:30

სესია 2 – 18 ივნისი, 11:00-15:30

დაინტერესების შემთხვევაში  გადადით ბმულზე და დარეგისტრირდით.   

განაცხადების წარდგენის ვადა: 4 ივნისი, 2021, 18:00