პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, 9-11 მაისს, მიუნსტერის უნივერსიტეტმა პროგრამის „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ დოქტორანტები და მათი ქართველი და გერმანელი ხელმძღვანელები როტენბერგში სამდღიან ვორკშოპზე შეკრიბა, სადაც დოქტორანტებმა წარმოადგინეს და პროფესორებთან ერთად განიხილეს საკუთარი კვლევის შედეგები. ვორკშოპი მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცალკეული სადოქტორო პროექტის განხილვას, არამედ ასევე კვლევებს შორის კავშირების დადგენას საერთო პრობლემებისა თუ კითხვების უკეთ წარმოსაჩენად. სადისერტაციო პროექტები საკვლევი სფეროების ფართო სპექტრს მოიცავს – ბიოეთიკისა და სამედიცინო ეთიკის საკითხებით დაწყებული სამართლის ფილოსოფიითა და ფემინისტური ეთიკით დამთავრებული.