2018 წლის ღონისძიების დაწყება

კარლ-ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა პირველი საერთაშორისო სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი გოტინგენის გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტთან (UGOE) თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში თორმეტი დოქტორანტი კოტუტელით გათვალისწინებული სპეციალური პირობების მიხედვით მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე. გარდა ორ უნივერსიტეტში კვლევითი ვიზიტებისა, კოტუტელის მოდელი ორი პარტნიორი დაწესებულების პროფესორების თანახელმძღვანელობას გულისხმობს და და დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე გოტინგენის გეორგ- აუგუსტის უნივერსიტეტის (UGOE) სადოქტორო ხარისხი.

მონაწილეები 2018 წლის აპრილში უკვე შეუდგნენ სადოქტორო კვლევებზე მუშაობას. ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაასრულა პირველი კვლევითი ვიზიტი გოტინგენის უნივერსიტეტში. შესაბამისად, კარლ-ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2018 წლის 27 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე პროგრამაში მონაწილე პროგრამის კანდიდატები და პროფესორები და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები ილიაუნის წიგნის სახლ ,,ლიგამუსში“ შეიკრიბნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, გერმანიის საელჩოს, გერმანიის აკადემიური გაცვლის პროგრამის, გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის ფონდების წარმომადგენლები. მისასალმებელ სიტყვაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ ხაზგასმით აღნიშნა უნივერსიტეტისთვის პროგრამის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ისაუბრა საქართველოში მასთან დაკავშირებული სადოქტორო
განათლების პერსპექტივებზე. თავის გამოსვლაში, ილიაუნის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ გოტინგენის უნივერსიტეტის, გერმანული ფონდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის და ასევე ისაუბრა კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის ღვაწლზე, რომლის სახელსაც ატარებს პროგრამა. გოტინგენის უნივერსიტეტს წარმოადგენდა გოტინგენში პროგრამის კოორდინატორი ალექსანდრა ბოვტი, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ დოქტორანტები თავიანთი ნაშრომებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ გერმანულ-ქართულ სამეცნიერო ურთიერთობაში. გოტინგენის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ჰილტრაუდ კასპერ-ჰინემ, რომელიც ღონისძიებას თავად ვერ დაესწრო, ვიდეო გზავნილის საშუალებით გოტინგენიდან წარმატება უსურვა პროგრამას და ხაზგასმით აღნიშნა თანამედროვე და გამჭვირვალე სადოქტორო განათლების უდიდესი მნიშვნელობა. გერმანულ-ქართული თანამშრომლობის პროექტს ფოლკსვაგენის ფონდი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაახლოებით ერთი მილიონი ევროთი აფინანსებენ.