დოქტორანტ ეკა გურგენაშვილის სტატია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ევროპელ კოლეგებთან ერთად რეიტინგულ ჟურნალში “Astronomy & Astrophysics” გამოაქვეყნეს ნაშრომი მზის ტიპის ერთ-ერთ ვარსკვლავზე მზის მსგავსი მოკლე ციკლების აღმოჩენის შესახებ. ამ ციკლების საშუალებით მსოფლიოში პირველად შეფასდა მაგნიტური ველის სიდიდე ვარსკვლავის წიაღში. ეს აღმოჩენა მზის წარსული და მომავალი მაგნიტური აქტიურობის შესწავლის საშუალებას იძლევა.

მზე ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო პირობებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ წარიმართება მზის მაგნიტური ველის ევოლუცია მომავალში. ეს შესაძლებელია გაირკვეს მზის ტიპის ადრეულ და გვიანდელ ვარსკვლავებზე დაკვირვებით.

150-180-დღიანი პერიოდის მქონე ციკლების არსებობა მზის აქტიურობაში თითქმის 30 წელია ცნობილია და ბევრი ამოუცნობი თვისებით ხასიათდება. ამ ციკლების ყველაზე სარწმუნო ახსნა მზის შიდა ფენებში არსებულ როსბის ტალღებს უკავშირდება. იმავე ტიპის მოვლენები, სავარაუდოდ, არსებობენ მზის ტიპის ვარსკვლავებშიც. ,,NASA-ს კოსმოსური მისია Kepler-ის დაკვირვებების ანალიზით აღმოვაჩინეთ მზის მსგავსი მოკლეპერიოდიანი ციკლები ერთ-ერთ ვარსკვლავზე. ამ ციკლებით და მაგნიტური როსბის ტალღების თვისებების გამოყენებით მსოფლიოში პირველად შევძელით ვარსკვლავის წიაღის არსებული მაგნიტური ველის შეფასება. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ვარსკვლავის მაგნიტური ველი მზისაზე 3-ჯერ ძლიერი აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც ვარსკვლავი მზეზე სამჯერ უფრო სწრაფად ბრუნავს. რაც გვიჩვენებს, რომ მაგნიტური ველი ბრუნვის პერიოდის უკუპროპორციულია“, – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ილიას და გიოტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტების დოქტორანტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერი თანამშრომელი ეკა გურგენაშვილი. ,,ამჟამად კვლევა გრძელდება და ვიკვლევთ სხვა ვარსკვლავების სინათლის მრუდებს მსგავსი ციკლების გამოსავლენად, რაც სხვა ვარსკვლავების მაგნიტური ველის შეფასების საშუალებას მოგვცემს. ჩვენი მიზანია მზის მომავალი მაგნიტური აქტიურობის პროგნოზირება”.

მომავალი კვლევა ასევე ითვალისწინებს NASA-ს ახალი მისიის TESS-ის მონაცემების დეტალურ შესწავლას.

კვლევა განხორციელდა კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის პროგრამის ფარგლებში.

სამეცნიერო სტატია:
E. Gurgenashvili, T. V. Zaqarashvili, V. Kukhianidze, A. Reiners, A. F. Lanza and T. Reinhold, Rieger-type cycles on solar-like star KIC 2852336, Astronomy & Astrophysics, 10.1051/0004-6361/202142696

კონტაქტი
ეკა გურგენაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და გიოტინგენის უნიერსიტეტის დოქტორანტი
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერი თანამშრომელი
eka.gurgenashvili.1@iliauni.edu.ge