2018 წლის 20 და 21 სექტემბერს სოდერტონის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრა თემაზე „ამომრჩეველი და პოლიტიკური პარტიები პოსტ- კომუნისტურ ევროპაში: ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები.“ შეხვედრა სოდერტონის უნივერსიტეტის ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის (CBEES) მიერ იყო ორგანიზებული და მასში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით ოცი დოქტორანტი მონაწილეობდა. განხილვის ძირითად თემას აღმოსავლეთ ევროპაში პოპულისტური და ულტრა-მემარცხენე პარტიების საქმიანობა, რეგიონის პოლიტიკაში ჩართულობა და პოლიტიკური მარკეტინგი წარმოადგენდა. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ხუთი პანელი, რომლის ფარგლებში თითოეული
მონაწილე წარმართავდა დისკუსიას სხვა დოქტორანტის ნაშრომის შესახებ, რასაც ზემოთ ნახსენებ საკითხებზე სიღრმისეული დისკუსია მოსდევდა. მონაწილეებს შორის იყვნენ გლაზგოს უნივერსიტეტის, ნიუ იორკის უნივერსიტეტის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU), უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ქრისტინე მარგველაშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე ,,პოლიტიკური ჩართულობა, ნდობა და რელიგიურობა პოსტ-კომუნისტურ მართლმადიდებლურ ევროპაში“. კვლევა უკრაინისა და საქართველოს შეპირისპირებით ანალიზს მოიცავს. ევროპაში მართლმადიდებელ ქრისტიანულ თემში რელიგიურობასა (ქცევა და რწმენა) და პოლიტიკურ ჩართულობას (ხმის მიცემა ეროვნულ დონეზე) შორის კორელაციების დასადგენად გამოყენებულია მსოფლიო ღირებულებათა კვლევის მეექვსე ტალღის (World Values Survey Wave 6) მონაცემები. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კორელაციები დადგინდა რელიგიური ინსტიტუტებისადმი ნდობასა და ეროვნულ დონეზე ხმის მიცემას შორის. საქართველოს შემთხვევაში გამოიკვეთა ნეგატიური კორელაცია ეკლესიური წესით ცხოვრებასა და ეროვნულ დონეზე ხმის მიცემას შორის. მოხსენების წარდგენის შემდეგ დაიწყო დისკუსია, რომლის დროსაც დისკუსანტებმა მოხსენების
ავტორს საკუთარი კომენტარები გაუზიარეს. პრეზენტაციების შემდეგ, მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა მოხსენებების აკადემიური ჟურნალის სპეციალურ ნომრად გამოშვების საკითხი განიხილეს. სტატიების
საბოლოო ვარიანტები მიმდინარე აკადემიური წლის ბოლოსთვის იქნება მზად.