ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა განაგრძობს კოლოკვიუმების ციკლს „უახლესი ისტორიის გასააზრებლად: მიდგომები, ცნებები და თეორიები“. კოლოკვიუმზე წავიკითხავთ ფრაგმენტებს ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების დარგის ფუნდამენტური, აგრეთვე უახლესი ნაშრომებიდან; კრიტიკულად ვიმსჯელებთ მათ შესახებ და დავამუშავებთ ცნებებსა და თეორიებს, გავეცნობით ახალ სააზროვნო სკოლებსა და მეთოდოლოგიურ მიდგომებს. კოლოკვიუმში მონაწილეობისთვის ვიწვევთ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა ისტორიით და დღეს ისტორიოგრაფიაში მიმდინარე დებატებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
სადოქტორო კოლოკვიუმების ციკლის ონლაინშეხვედრები გაიმართება ორ კვირაში ერთხელ, შაბათობით. სპეციალურად მოწვეულ სპიკერთან ერთად განვიხილავთ თემატურად შერჩეულ ტექსტებს. შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ვებგვერდზე.
ციკლის მეათე შეხვედრაზე 24 აპრილს, შაბათს, 14:00 საათზე, ელენე ლადარიასთან ერთად განვიხილავთ მეთოდის რაობის საკითხს ფილოსოფიასა და სოციალურ მეცნიერებებში. დავსვამთ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა მიმართება არსებობს მეთოდსა და კვლევით პროცესს შორის. კოლოკვიუმზე ვიმსჯელებთ,რა გავლენა იქონია მეთოდის გაგებაზე დელიოზის ფილოსოფიით ნასაზრდოებმა ტენდენციამ სოციალური ონტოლოგიის ახლებური განსაზღვრის აწყობის (agencement) წესის მიხედვით.
მომხსენებლის შესახებ
ელენე ლადარია ფილოსოფიის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ფილოსოფიის მიმართულებით. მისი ძირითადი სასწავლო და კვლევითი ინტერესები უკავშირდება საბჭოთა ფილოსოფიასა და მეტაფიზიკის ისტორიას.
საკითხავი მასალა ატვირთულია გუგლ კლასრუმში მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/2OZsEor
კოდი: 67nbsh2
შეხვედრა გაიმართება ზუმის პლატფორმაზე. მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3mXsSsZ
დისკუსია არ ჩაიწერება.
დამატებითი შეკითხვებით გთხოვთ მოგვმართოთ კოლოკვიუმის
ორგანიზატორებს:
ანა ლოლუა – ana.lolua.1@iliauni.edu.ge
თამუნა ქებურია – tamar.keburia.1@iliauni.edu.ge