საერთაშორისო სადოქტორო სკოლის სემინარი: „ზეპირი ისტორია, როგორც მეთოდი, წყარო და არქივი: სამხრეთ კავკასიის გამოცდილება“

29, 30 და 31 ოქტომბერს გაიმართება ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის ისტორიის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული სამდღიანი სემინარი: „ზეპირი ისტორია, როგორც მეთოდი, წყარო და არქივი: სამხრეთ კავკასიის გამოცდილება“.

ისტორიის კვლევებში სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს ზეპირი ისტორიის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული ისტორიოგრაფიის „დემოკრატიზაციასა“ და წერილობითი წყაროების გამრავალფეროვნებას. თუმცა ზეპირ ისტორიას იყენებენ საჯარო ისტორიის მიმართულებითაც (მუზეუმებში, გამოფენებზე, წარსულის რეკონსტრუქციაზე მომუშავე საჯარო ორგანიზაციებში). ერთი მხრივ, ის ინსტრუმენტია ტრადიციულ ისტორიოგრაფიაში დადუმებული ხმების ასამეტყველებლად და წარსულის მრავალწახნაგობის საჩვენებლად, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს კვლევის მეთოდს სამეცნიერო ცოდნის შესაქმნელად და მისი კრიტიკული გადააზრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზეპირ ისტორიაზე დაფუძნებული კვლევითი პროექტები მრავლდება და მათი მნიშვნელობაც იზრდება, ჯერაც რთულია ზეპირი ისტორიის ცნების ზუსტად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, სწორედ იმიტომ, რომ ზეპირი ისტორია ერთდროულად მეთოდიც არის, წყაროც და არქივიც.

ამ საკითხების განხილვას დაეთმობა საჯარო ლექცია, პანელური დისკუსიები და დახურული სამუშაო შეხვედრა. მომხსენებლებს შორის იქნებიან მკვლევრები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საუნივერსიტეტო სივრცეებიდან და ორგანიზაციებიდან:

  • ნინო აივაზიშვილი-გენე (ვენის უნივერსიტეტი/Research Center for the History of Transformations (RECET)
  • ცისანა გოდერძიშვილი (ფონდი „ტასო“)
  • მარინა თაბუკაშვილი (ფონდი „ტასო“)
  • ლუკა ნახუცრიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • ესტერ ფონ-რიჰტხოფენი (გიოტინგენის უნივერსიტეტი)
  • ირაკლი ხვადაგიანი (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია)
  • დავით ჯიშკარიანი (უახლესი კვლევების ცენტრი „ფრონეზისი“)
  • ადელა ჰინჩუ (Center for Advanced Study Sofia)

საჯარო ლექციას გაუძღვებიან მაიამის უნივერსიტეტის პროფესორი კრისტა გოფი და კარლეტონის უნივესიტეტის პროფესორი ჯეფ საჰადეო.

ღონისძიების ბოლო დღეს გაიმართება დახურული სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტები ერთმანეთს გაუზიარებენ ზეპირ წყაროებთან მუშაობის საკუთარ გამოცდილებას და პანელების მომხსენებლებისაგან მიიღებენ უკუკავშირს.

სემინარზე დასასწრებად ვიწვევთ ისტორიის დამწყებ და გამოცდილ მკვლევრებს, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. ამისთვის უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე 28 ოქტომბრის, 23:00 საათის ჩათვლით: https://bit.ly/3vbyyDB

დოქტორანტებსა და მაგისტრანტებ, რომლები დაინტერესებულნი იქნებიან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობით და საკუთარი მიმდინარე კვლევითი პროექტის წარმოდგენით, თხოვთ, ღონისძიების ორგანიზატორებს დამატებით მოგვწერო მეილზე.

ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულიდან ინგლისურზე და პირიქით.

ღონისძიება გაიმართება ონლაინ.

სემინარის დეტალური პროგრამა: https://bit.ly/3C7UYIF

ორგანიზატორები:

ანა ლოლუა  ana.lolua.1@iliauni.edu.ge

თამარ ქებურია tamar.keburia.1@iliauni.edu.ge

პარტნიორები:

პროექტის მხარდამჭერები არიან ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი და ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა.

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმის მეშვეობით (უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ტრანსლირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე)