ლევან ჭეიშვილის მოხსენება სადოქტორო ფორუმზე

2018 წლის 5 დეკემბერს, ლევან ჭეიშვილმა სადოქტორო ფორუმზე თავისი სადოქტორო კვლევითი პროექტი წარადგინა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევანი ,,უჯრედული ნეირომეცნიერების სადოქტორო პროგრამის” ფარგლებში მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე ,,ეპილეფსიური ნეირონის ნანოარქიტექტონიკა და ნანომექანიკა“. მოხსენებაში ლევანმა წარადგინა მოსაზრებები ეპილეფსიის მკურნალობის ახალი სტრატეგიის შემუშავების შესახებ. მან ისაუბრა ჰიპოკამპის ‘ეპილეფსიური ნეირონის’ ნანომასშტაბის მახასიათებლების დინამიკურ გარემოში ატომური ძალის მიკროსკოპით შესწავლის შესახებ. აღნიშნული მეთოდით, განსხვავებულად მოქმედი პრო- ეპილეფსიური წამლების საფუძველზე ივარაუდება 3D ,,ეპილეფსიური ნეირონის“ ნანოსტრუქტურის და ნანომექანიკის მოდიფიკაციის განსაზღვრა. შესაბამისად, აღინიშნა, რომ მიზნობრივი ინტერვენცია, რომლის საშუალებითაც აღდგება ,,ეპილეფსიური ნეირონის“ შეცვლილი სტრუქტურა, იქნება ეპილეფსიის წარმატებით მკურნალობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
პრეზენტაციის შემდეგ სადოქტორო ფორუმის მონაწილეებმა ისარგებლეს შემთხვევით და მომხსენებელს დამატებით კითხვები დაუსვეს კვლევითი მეთოდებისა და მასალების გამოყენების შესახებ.