1-2 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი ჩაატარებს ვორკშოპი თემაზე: „დისტანციური წაკითხვა და ლიტერატურის კვლევა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით“.
ვორკშოპის მიზანია დოქტორანტებს გააცნოს ლიტერატურის ციფრული ანალიზის შესაძლებლობები და გამოწვევები. ვორკშოპი უწინარესად განკუთვნილია ლიტერატურათმცოდნეობისა და ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის, თუმცა სხვა ჰუმანიტარულ და სოციალურ მიმართულებათა წარმომადგენლების მონაწილეობა ასევე ღირებული იქნება და ხელს შეუწყობს დისციპლინათშორისი დიალოგის წამოწყებას კვლევის მეთოდოლოგიის საკითხებზე. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, არა მხოლოდ თეორიულად გაეცნონ ტექსტის ციფრული ანალიზის სპეციფიკას, არამედ პრაქტიკაშიც გამოცადონ ციფრული ანოტაციისა და ანალიზის ერთ-ერთი ხელსაწყო (CATMA). სანიმუშო ანალიზისთვის შეირჩევა ერთი ლიტერატურული ტექსტი (ლექსი ან მომცრო მოთხრობა), რომელსაც დავაკვირდებით როგორც ტრადიციული ლიტერატურათმცოდნეობითი მეთოდების, ისე ციფრული ანალიზატორის გამოყენებით.
ვორკშოპი წარიმართება შეტრიალებული გაკვეთილის (Flipped Classroom) ფორმატში: მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან სამეცნიერო ლიტერატურას და შეასრულებენ (ონლაინ-) დავალებებს; შეხვედრები კი დაეთმობა მსჯელობასა და პრეზენტაციებს წაკითხულის შესახებ. განიხილება შემდეგი საკითხები:
- ლიტერატურის ციფრული ანალიზი – მეთოდი თუ ინსტრუმენტი (დისკუსია)?
- დისტანციური წაკითხვა (ფრანკო მორეტი), როგორც მსოფლიო ლიტერატურის კორპუსის შესწავლის მეთოდი (პრეზენტაციები)
- ტექსტის ციფრული ანოტაციის შექმნა: CATMA (ვარჯიში)
- ტექსტის ციფრული ანალიზი: CATMA (ვარჯიში)
- დამოუკიდებლად განხორციელებული ციფრული ანალიზის შედეგები (პრეზენტაციები)
- ციფრული ჰუმანიტარიის სხვა ხელსაწყოები და რესურსები (მიმოხილვა)
- ციფრული ანალიზის შესაძლებლობები და შეზღუდვები (შემაჯამებელი დისკუსია რამდენიმე წაკითხულ სტატიაზე დაყრდნობით)
სამეცნიერო ლიტერატურა:
- A Companion to Digital Literary Studies, ed. Ray Siemens, Susan Schreibman. Oxford: Blackwell, 2008
- A Companion to Digital Humanities, ed. Susan Schreibman, Ray Siemens, John Unsworth. Oxford: Blackwell, 2004.
ვორკშოპი ჩატარდება Zoom-აპლიკაციის მეშვეობით ქართულ ენაზე და განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებისთვის, რომლებიც ირიცხებიან სადოქტორო საფეხურის I-VIII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებად.
აპლიკანტები შეირჩევიან First come, first serve პრინციპით.
გთხოვთ, სარეგისტრაციაო ფორმა შეავსოთ 23 ოქტომბრის 16:00 საათის ჩათვლით.
არასრული და დაგვიანებით გამოგზავნილი აპლიკაციები არ მიიღება.
სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ შეხვიდეთ ლინკზე:https://bit.ly/30kh8th
ვორკშოპის ხელმძღვანელი: პროფ. ლევან ცაგარელი
ვორკშოპის ხანგრძლივობა: 2 დღე, 4-4 საათი (სულ 8 საათი)
განრიგი:
1 ნოემბერი: 15:00-19:00
2 ნოემბერი: 15:00 -19:00
მონაწილეთა რაოდენობა: 15
ვორკშოპისთვის წასაკითხ ლიტერატურას მეილზე მიიღებთ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე.
დოქტორანტები სრულად უნდა დაესწრონ ვორკშოპს. შერჩეულმა აპლიკანტებმა, რომლებიც ვერ დაესწრებიან ვორკშოპს, ადმინისტრაციას წინასწარ, მინიმუმ 3 დღით ადრე, უნდა აცნობონ მეილზე: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge.
ინფორმაცია ტრენერის შესახებ: https://faculty.iliauni.edu.ge/arts/levan-tsagareli/
დრო: 1-2 ნოემბერი, 15:00 საათი
დასწრება თავისუფალია, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე